ბუნება

რა სარგებლობა მოაქვს კომპოსტს ნიადაგისთვის

რჩევები კომპოსტის დასამზადებლად

კომპოსტი, რომელსაც „მებაღის ოქროს“ ან „შავი ოქროს“ სახელითაც მოიხსენიებენ, საუკეთესოა მაშინ, როდესაც ის თქვენს საკუთარ ბაღშია დამზადებული. ვინც აკომპოსტირებს, ის იღებს ჯანსაღ, საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგს. თუ როგორ გავაკეთოთ ის, რჩევებს გვაძლევს ექსპერტი მარტინა კოლარეკი, ბიოქიმიკოსი და ცხელი კომპოსტის სპეციალისტი.

რაში მდგომარეობს კომპოსტირების უპირატესობები?

მარტინა კოლარეკი: კომპოსტირების შედეგად  ნაყოფიერ ნიადაგსა და ჯანსაღ მცენარეებს მიიღებთ - ნაკლებად დაგჭირდებათ მორწყვა, სასუქი და მავნებლებთან ბრძოლა. კომპოსტი ნიადაგს საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. ნიადაგში ორგანული მასალების შეტანით ჩვენ საცხოვრებელ გარემოს ვუქმნით უამრავ ორგანიზმსა და მიკროორგანიზმს, რომელიც ნიადაგის სიჯანსაღის შენარჩუნებაზე ზრუნავს.

რა განაპირობებს ნიადაგის ნაყოფიერებას?

მკ: ნიადაგი ნაყოფიერია, როდესაც ის ბევრ სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმს შეიცავს. ეს ორგანიზმები ქმნიან ნიადაგის სტრუქტურას, რომელიც ჰაერს, წყალსა და საკვებ ნივთიერებებს ინახავს და მცენარეებს აწვდის, რომ მათ ზრდა-განვითარება შეძლონ. ნიადაგში, რომელსაც სტრუქტურა არ აქვს, სასუქის დამატება არაფერს შველის: ნიადაგი მას ვერ შეიწოვს, ასე რომ, ის პირდაპირ გრუნტის წყალში გადადის და მცენარეები ვერ იღებენ საკვებ ნივთიერებებს. გარდა ნიადაგის გაუმჯობესებისა, კომპოსტი ხელს უწყობს დაბინძურებისგან წყლის დაცვას, რადგან ის ეროზიას ამცირებს. ის კლიმატსაც აუმჯობესებს: მცენარეები ატმოსფეროდან ნახშირბადს შთანთქავენ და მას კომპოსტით მდიდარ ნიადაგში გამოყოფენ, რომელიც ამ ნახშირბადს თავის ცოცხალ მიწისქვეშა სტრუქტურებში ინახავს.

კომპოსტირების შედეგად ნაყოფიერ ნიადაგსა და ჯანსაღ მცენარეებს მიიღებთ - ნაკლებად დაგჭირდებათ მორწყვა, სასუქი და მავნებლებთან ბრძოლა.

როგორია კარგი, ნაყოფიერი ნიადაგის ნიშნები?

მკ: ნიადაგი, რომელიც სათანადო რაოდენობით შეიცავს ნეშომპალას, მუქი ყავისფერია, ტენიანია და სასიამოვნო სუნი აქვს. თუ ნიადაგში ძალიან ცოტა ნეშომპალაა, ის უფერული და მშრალია და სუნი საერთოდ არ აქვს. ასეთი ნიადაგი უდაბნოსავით არის, რადგან მასში არაფერი იზრდება.

კომპოსტი და ნეშომპალა – რა კავშირია მათ შორის?

მკ: ნეშომპალა ნიადაგის ორგანული ნაწილია - ნიადაგის ცოცხალი ორგანიზმების ცხოველქმედების პროდუქტი. ეს ორგანიზმები ინელებენ და მოლეკულებად გარდაქმნიან მკვდარ მცენარეებს, ცხოველებსა და მიკროორგანიზმებს. ჩამოცვენილი ვაშლები, მსხლები და ფოთლები ბუნებრივად იშლება და დროთა განმავლობაში ნეშომპალად იქცევა - კომპოსტი ამ პროცესს აჩქარებს. დაშლისა და გარდაქმნის ანალოგიური პროცესები თქვენი ბაღის, ხილისა და ბოსტნეულის ნარჩენებს კომპოსტად აქცევს. ნაყოფიერი ნიადაგის თხელი ზედა ფენა ყოველთვის შეიცავს ორგანული და არაორგანული მასალის ნარევს. ამიტომ კომპოსტში მინერალებით მდიდარი ვულკანური ქანის მტვრის დამატება ხელს უწყობს ნეშომპალას ოპტიმიზებას.

რა შეიძლება და რა არა კომპოსტში

მკ: კომპოსტს არ დაამატოთ მოხარშული ან სუნელებიანი საჭმლის ნარჩენები. არც პური, არც ნამცხვარი. სიფრთხილით დაამატეთ ლიმონის ქერქი, მან შეიძლება მწვანე ობი წარმოქმნას. აუცილებლად დაამატეთ ბაღის მწვანე ნარჩენები, ტოტები, რტოები და უხვად ფოთლები. და, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ნედლი ხილი და ბოსტნეული, რაც სამზარეულოში მოგრჩებათ. ბანანის ქერქიც კარგია, ისე როგორც ყავის ნალექი და ჩაის ფოთლები - მცირე რაოდენობით.

კომპოსტი აუმჯობესებს არა მხოლოდ ნიადაგს, არამედ იცავს წყალს დაბინძურებისგან და ეხმარება კლიმატს.

კარგ კომპოსტს სჭირდება სტრუქტურული ნივთიერებებისა და საკვები ნივთიერებების ბალანსი და კონტაქტი გარემოსთან. კომპოსტი უფრო მეტია, ვიდრე სასუქი - მის მარცვლოვან, ღრუბლის მსგავს სტრუქტურას ერთდროულად შეუძლია საკვები ნივთიერებების, ჰაერისა და წყლის  დაგროვება. გარდა ამისა, ის საცხოვრებელ გარემოს უზრუნველყოფს ფლორისა და ფაუნის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ნიადაგის ნაყოფიერებაზე ზრუნავენ და მას  ეროზიისგან იცავენ.

როგორ უნდა გამოვიყენოთ დასრულებული კომპოსტი?

მკ: საჭიროებისდა მიხედვით, ერთიდან სამ ლიტრამდე კომპოსტი შეიტანეთ თქვენი ბაღის ნიადაგის ზედა ფენაში. ცხელი კომპოსტი ძალიან ბევრ საკვებ და სტრუქტურულ ნივთიერებას შეიცავს, ამიტომ ის ნაკლებად გამოსადეგია თესლის გასაღივებლად. უმჯობესია, კომპოსტი გამოიყენოთ მცენარეებისთვის, რომელთა ფესვები უკვე სრულად არის ფორმირებული.

სასარგებლო რჩევები

კომპოსტის დამზადება ძნელი არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელია რამდენიმე საკითხი. ცხელი კომპოსტის დამზადება უმჯობესია ერთ დღეში. მინერალური  ფხვნილი და შინ დამზადებული მცენარეული ექსტრაქტი ამდიდრებს ნარევს და კომპოსტირების პროცესს ააქტიურებს. მასალების ფენებად სწრაფად და სწორი კომბინაციით განლაგება იმის წინაპირობაა, რომ კომპოსტი სათანადო ტემპერატურამდე გაცხელდება. თუ ამ საქმეში გამოუცდელი ხართ, გულდასმით მიჰყევით ინსტრუქციებს. გამოცდილებასთან ერთად კომპოსტის დამზადებას სულ უფრო ადვილად და სწრაფად შეძლებთ.

ორგანული ნარჩენების ერთი კუბური მეტრი

ცხელი კომპოსტისთვის საჭიროა სულ მცირე ერთი კუბური მეტრი მოცულობის ბაღისა და სამზარეულოს ნარჩენები. ბაღის საუკეთესო ნარჩენები მოიცავს მოჭრილ ბალახს, მცენარეთა მოჭრილ ნაწილებს, სარეველას, ტოტებს, რტოებს და ჩამოცვენილ ფოთლებს. სამზარეულოს ნარჩენები მოიცავს ნედლი ხილისა და ბოსტნეულის ნარჩენებს, ყავის ნალექსა და ჩაის ფოთლებს. კომპოსტში შეიძლება ძროხისა და ცხენის ნაკელის, აგრეთვე კომპოსტირებადი მასალების, როგორიცაა ყავისფერი მუყაო, გამოყენება.

რა გჭირდებათ კომპოსტის დასამზადებლად

  • სათანადო ჭურჭელი სამზარეულოს ნარჩენებისთვის
  • ქანის მტვერი/მინერალური ფხვნილი
  • მცენარეული ექსტრაქტი
  • ბუნებრივი ბოჭკოსგან დამზადებული იზოლაცია

ააწყეთ კომპოსტი ფენებად

კომპოსტის ცალკეული ფენა შეიძლება ცხრამდე სხვადასხვა მასალას შეიცავდეს: ბაღის ნარჩენების, სამზარეულოს ნარჩენების, ხის ნაფოტებისა და ნახერხის, ძროხის ან ცხენის ნაკელის და სხვა კომპოსტირებადი პროდუქტების, როგორიცაა დაქუცმაცებული მუყაო, ნარევს. სამზარეულოს ნარჩენები უზრუნველყოფს აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, ხოლო ბაღის ნარჩენები ქმნის სტრუქტურას.

დაჭერით ან დააქუცმაცეთ მასალები მცირე ნაწილებად, შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით ფენებად დაალაგეთ და მაშინვე კარგად აურიეთ იგივე ფენის სხვა მასალებთან. ამ ნარევს დაამატეთ მინერალური ფხვნილი. შემდეგ  მცენარეული ექსტრაქტი და ცოტაოდენი ბაღის მიწა დაამატეთ. სწორი შემადგენლობა და საკმარისი ჰაერი და ტენი გადამწყვეტია კომპოსტის ხარისხისთვის. ერთხელ თუ საკუთარი ხელით დაამზადებთ კომპოსტს, ძალიან მალე ისწავლით ინგრედიენტების სწორი თანაფარდობით შერჩევას.

რა დრო სჭირდება კომპოსტის დასრულებას?

დასრულებული კომპოსტის გროვა 1-დან 1,5 მეტრამდე სიმაღლის უნდა იყოს. ყველაზე გვიან ორ დღეში ის ცხელდება და 60-დან 65 გრადუსამდე ტემპარატურას აღწევს ცელსიუსით. 3-8 დღის შემდეგ შეგიძლიათ, მოაცილოთ საიზოლაციო მასალა, რომ კომპოსტი ცოტა გაგრილდეს. კომპოსტი ცხელდება, როდესაც მიკროორგანიზმები აქტიურდებიან, სწრაფად მრავლდებიან და სწრაფად შლიან ორგანულ ნივთიერებებს.

თუმცა, ისინი ამას მხოლოდ ოპტიმალურ სასიცოცხლო პირობებში აკეთებენ - როდესაც აქვთ საკმარისი საკვები, წყალი, ჰაერი და სივრცე. ეს მიკროორგანიზმები, თავის მხრივ, საკვებს წარმოადგენს ნიადაგის სხვა ორგანიზმებისთვის, რომლებიც მოგვიანებით კომპოსტში გადაინაცვლებენ და ნიადაგს ისევ აღადგენენ ჩვენთვის. ზოგიერთი ბალახი მიკრობულ აქტიურობას აძლიერებს, ამიტომ მოგვიანებით შეიძლება ცოტაოდენი მცენარეული ექსტრაქტის დამატება. კომპოსტირება საიდუმლო არ არის - ის ხელოვნებაა.

კომპოსტი ზამთარში უნდა დამზადდეს თუ ზაფხულში?

ზაფხულში დამზადებული კომპოსტი დაახლოებით სამ თვეშია მზად. ზამთარში მის დასრულებას დაახლოებით ექვსი თვე სჭირდება. ცხელ კომპოსტირებას რამდენიმე უპირატესობა აქვს ჩვეულებრივ ცივ კომპოსტირებასთან ან სამრეწველო კომპოსტის გამოყენებასთან შედარებით. მას არ სჭირდება გადაბრუნება, ის არ იზიდავს მავნებლებს და მისი დამზადება ადვილად შეიძლება ნებისმიერ ადგილზე.  ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკვების ნარჩენების კომპოსტირებისთვის და ზოგავს შრომას, დროსა და ადგილს.

შეიტყვეთ მეტი ნიადაგის ნაყოფიერებისა და სიჯანსაღის შესახებ.

დიპლომირებული ინჟინერი მარტინა კოლარეკი

ექსპერტი სასოფლო-სამეურნეო ნიადაგმცოდნეობისა და მდგრადი კვების სფეროში

დიპლომირებული ინჟინერი მარტინა კოლარეკი არის სასოფლო-სამეურნეო ნიადაგმცოდნეობისა და მდგრადი კვების სფეროს ექსპერტი. ის არის ბიოქიმიკოსი, გამოყენებით ეკოლოგიას სწავლობდა ვენის ნიადაგის კულტურის უნივერსიტეტში. თავის მასტერკლასებში ის აჩვენებს, როგორ უნდა დამზადდეს კარგი კომპოსტი.