სილამაზე

რომელი ზეთია საუკეთესო თქვენი კანის მოსავლელად?

სინათლესა და სითბოს – მზის საგანძურს – მცენარე შთანთქავს და თავის ყველაზე ძვირფას ნაწილში, თესლში ინახავს. თესლიდან მიღებული სუფთა ზეთები სავსეა ენერგიით და აქტიური ნივთიერებებით რაც თავის მხრივ, კანის მოვლის შესანიშნავი საშუალებაა.

სხეულის მოსავლელად განკუთვნილი ველედას ბუნებრივი ზეთები

არგანის ზეთი

მარადმწვანე, ნელა მზარდი არგანის ხე მხოლოდ მაროკოს ატლასის მთებში იზრდება. ხე ორ წელიწადში ერთხელ ისხამს ნაყოფს. მისი თესლიდან მიღებული ზეთი გამჭვირვალე, ღია ყვითელი ფერის ზეთია თხილისებრი გემოთი. მასში მაღალია მონო- და პოლიუჯერი ცხიმმჟავების (ლინოლმჟავა და ოლეინმჟავა) და E ვიტამინის შემცველობა. ანტიოქსიდაციური და ტენის შენარჩუნების თვისების გამო არგანის ზეთს მოწიფული კანის მოსავლელად იყენებენ.

ატმის თესლის ზეთი

ატმის კურკის მაგარი ნაჭუჭი ოვალური ფორმის დარიჩინისფერ თესლს იცავს, რომელიც 30 – 45% ცხიმისგან შედგება. მასში შემავალი ძირითადი ცხიმმჟავებია ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა, აგრეთვე პალმიტინმჟავა. მსუბუქი არომატის მქონე ღია ყვითელი ფერის ზეთს იყენებენ მშრალი, მოწიფული, აქერცლილი და დახეთქილი კანის მოსავლელად. ის კანის ბარიერულ ფუნქციას აუმჯობესებს და ბუნებრივ წონასწორობას უნაჩუნებს მას.

გარგარის თესლის ზეთი

გარგარის ნაყოფის თესლი 50%-მდე ზეთს შეიცავს. ღია ყვითელი ფერის, მსუბუქი, ნაზი ზეთი, რომელსაც მარციპანის ფაქიზი სურნელი აქვს, სწრაფად შეიწოვება კანში. მას მგრძნობიარე კანიც კარგად იტანს და გამოიყენება, როგორც უნივერსალური ფუძე. გარგარის ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს, ამიტომ ის განსაკუთრებით სასარგებლოა კანისთვის.

ენოთერას ზეთი

ენოთერას ციცქნა თესლი დაახლოებით 1 – 1,5 მმ სიდიდისაა. მისგან ღია ყვითელი ფერის გამჭვირვალე ზეთს იღებენ, რომლის შემადგენლობა მეტად შთამბეჭდავია. ენოთერა იმ იშვიათი მცენარეების რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც გამა-ლინოლენმჟავას შეიცავს. ეს მას ძალიან ღირებულ ზეთად აქცევს. გამა-ლინოლენმჟავას ნაკლებობამ შეიძლება კანის სიმშრალე და ქავილი გამოიწვიოს. პოლიუჯერი ცხიმმჟავები ხელს უშლის ტენის დაკარგვას და კანს მოქნილობას უნარჩუნებს. ზეთი ადვილად შეიწოვება, აუმჯობესებს კანის გარეგნულ იერს და განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი, მოწიფული კანისთვის.

კიტრისუნას თესლის ზეთი

კიტრისუნას ტრადიციულად სუნელის სახით იყენებენ. მხოლოდ ცოტამ თუ იცის, რომ მისი თესლი შეიცავს ღია ყვითელი ფერის გამჭვირვალე ზეთს. გამა-ლინოლენმჟავას მაღალი შემცველობის გამო ეს ზეთი რეკომენდებულია კანის სიმშრალის, ქავილისა და გაღიზიანების შემთხვევაში. ის დადებითად მოქმედებს კანის ბარიერულ ფუნქციაზე. პოლიუჯერი ცხიმმჟავები ტენის დაკარგვას უშლის ხელს და კანს მოქნილობას უნარჩუნებს.

სეზამის ზეთი

თავისი ძალიან კარგი ანტიოქსიდაციური თვისებების გამო ეს ზეთი ხელს უწყობს გარემოს მავნე ზემოქმედებებისგან კანის დაცვას. ის კარგად უთავსდება კანს და მდიდარია ტრიგლიცერიდებით, მონო- და პოლიუჯერი ცხიმმჟავებით და შეიცავს E ვიტამინს. სეზამის ზეთი სასარგებლოა მშრალი, ფერმკრთალი, სისხლნაკლული კანისთვის, ის კანის რეგენერაციას უწყობს ხელს.

ინკების თხილის ზეთი

ინკების თხილი პერუს ანდებში, ამაზონის სათავეში იზრდება. მისი ადგილობრივი დასახელებაა Sacha Inchi, რაც მთის მიწის თხილს ნიშნავს. მისგან მოიპოვებენ ღია ყვითელი ფერის მსუბუქ ზეთს. ის კარგად შეიწოვება კანში, ალფა-ლინოლენმჟავას და სხვა პოლიუჯერი ცხიმმჟავების მაღალი შემცველობის წყალობით მას უჯრედების აღმდგენი და მათი გამააქტიურებელი თვისებები აქვს. ინკების თხილის ზეთი კარგი საშუალებაა მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად.

მაკადამიის ზეთი

მაკადამიის ზეთში ცხიმმჟავების შემადგენლობა ადამიანის ცხიმის შემადგენლობის მსგავსია. ის მდიდარია მონოუჯერი ცხიმმჟავებით და შეიცავს E ვიტამინს. მაკადამიის ზეთი კანზე თხელ დამცავ აპკს ტოვებს და ხელს უწყობს კანის სიგლუვეს და რეგენერაციას. სასარგებლოა მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის.

მზესუმზირას ზეთი

მზესუმზირას თესლიდან მოიპოვებენ მსუბუქ თხევად ზეთს, რომელიც დიდი რაოდენობით ლინოლმჟავას და ნაჯერი ცხიმმჟავების შედარებით მცირე წილს შეიცავს. გარდა ამისა, ის შეიცავს ლეციტინს და E ვიტამინს. მზესუმზირას ზეთს გაღიზიანების დამაამებელი და დამაცხიმიანებელი თვისებები აქვს. ის შესანიშნავი ფუძეა ნორმალური და შერეული კანისთვის.

მუშკის ვარდის თესლის ზეთი

ჩილეში მოზარდ ველური ვარდის ბუჩქს თეთრი ან ვარდისფერი ყვავილი აქვს. ასკილის ნარინჯისფერი ნაყოფი თესლის მარცვლებს შეიცავს, რომლებიც ნატიფ ზეთს იძლევა. დიდი რაოდენობით ლინოლენმჟავას, ლინოლმჟავასა და ოლეინმჟავას შემცველი ეს ზეთი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ზეთია ფაქიზი და მშრალი კანის მოსავლელად. მუშკის ვარდის ზეთი განსაკუთრებით ადვილად აღწევს კანში, ხელს უწყობს მის ბუნებრივ რეგენერაციას და კანს ხავერდოვან სირბილეს ანიჭებს.

ბროწეულის ზეთი

ერთი ბროწეული დაახლოებით 700 თესლს შეიცავს, ხოლო თითოეული თესლი დაახლოებით 12 – 20% მოყვითალო-წითელი ფერის ზეთს. მას გამოარჩევს პოლიუჯერი ცხიმმჟავების, მათ შორის, იშვიათი პუნიცინმჟავას მაღალი შემცველობა. ზეთს ანტიოქსიდაციური მოქმედება აქვს, ის ახალი უჯრედების წარმოქმნას და ამ გზით კანის რეგენერაციას უწყობს ხელს. ბროწეულის თესლის ზეთი შესანიშნავი საშუალებაა მშრალი, მოწიფული და დაღლილი კანის მოსავლელად.

ზეითუნის ზეთი

ზეთისხილის ხე ტანდაბალი მარადმწვანე ხეა, რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობა 1000 წელს აჭარბებს. პირველ ნაყოფს დაახლოებით 10 წლის ასაკში ისხამს და სრული მოსავლის მისაღებად კიდევ 2 ათეული წელია საჭირო. ზეთისხილის ნაყოფი 40 – 60% ზეთს, თესლი კი 12 – 15% ზეთს შეიცავს. ზეითუნის ზეთი გამოსადეგია ნორმალური და მშრალი კანისთვის, ძალიან კარგად უთავსდება კანს, არბილებს და აგლუვებს მას. ზეითუნის ზეთი კანზე მსუბუქ აპკს ტოვებს, ამიტომ ის ძალიან სასიამოვნო სამასაჟე ზეთია.

ნუშის ზეთი

ნუშის თესლის მსუბუქი ზეთი განსაკუთრებით კარგად თავსებადია კანთან. ამის გამო ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ზეთია ჩვილისა და ბავშვის კანის მოსავლელად. ნუშის ზეთი მდიდარია მონოუჯერი ცხიმმჟავებით და შეიცავს E ვიტამინს, უმთავრესად ალფა-ტოკოფეროლის სახით, რომელსაც ანტიოქსიდაციური მოქმედება აქვს. ნუშის ზეთი ძალიან კარგად შეიწოვება კანში და მას გამოშრობისგან იცავს. იდეალურია მგრძნობიარე, აქერცლილი და მშრალი კანის მოსავლელად.

ქაცვის ზეთი

ქაცვი იმ იშვიათ მცენარეებს ეკუთვნის, რომელთა ნაყოფის როგორც რბილობი, ისე თესლი ზეთს შეიცავს. ორივე ზეთი მდიდარია E ვიტამინით, მაგრამ ცხიმმჟავების შემადგენლობა განსხვავებული აქვთ. რბილობის ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს მონოუჯერ პალმიტოლეინმჟავას, რომელიც ადამიანის კანში არსებული ცხიმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ამიტომ ქაცვის ნაყოფის რბილობიდან მიღებული ზეთი ძალიან სასარგებლოა გადაღლილი, რეგენერაციის საჭიროების მქონე კანისთვის. თესლიდან მიღებული ზეთი ბევრ ლინოლმჟავას შეიცავს. პოლიუჯერი ცხიმმჟავები კანის რქოვანა შრის მნიშვნელოვანი შემადგენელია. ამიტომ ქაცვის თესლის ზეთი ხშირად გამოიყენება მშრალი ან ნეიროდერმიტიანი კანის მოსავლელად განკუთვნილ კოსმეტიკურ პროდუქტებში.

ქოქოსის ცხიმი

ცხიმს ქოქოსის ნაყოფის რბილობიდან იღებენ, ეს არის მოთეთრო ფერის, სასიამოვნო სურნელის მქონე მცენარეული ცხიმი, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე მყარ მდგომარეობაშია. ქოქოსის ცხიმი ნაჯერი ცხიმმჟავების მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ის კარგად უვლის კანს და მასში ტენის შენარჩუნებაზე ზრუნავს.

შის ცხიმი

აფრიკაში, საჰელის ზონის სამხრეთით კარიტეს ხეზე შის კაკალი მწიფდება. შის კაკლის ცხიმში მაღალია არაასაპვნადი კომპონენტების შემცველობა, როგორიცაა ფიტოსტეროლი, ტრიტერპენი და E ვიტამინი. შის ცხიმი კანს არბილებს, აგლუვებს და დაკარგულ ცხიმს უბრუნებს. შის ცხიმი შესანიშნავი საშუალებაა მშრალი, დახეთქილი, ნეიროდერმიტიანი ან უსუფთაო კანის მოსავლელად.

ჟოჟობას ზეთი

უნაბის ნაყოფის თესლი ცხიმით მდიდარ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე ლღვება. მართალია, მას „ზეთს“ უწოდებენ, მაგრამ ქიმიური თვალსაზრისით ის თხევად ცვილს წარმოადგენს. კოსმეტიკურ პროდუქტებში ის ერთგვაროვნებაზე ზრუნავს, კანთან ძალიან კარგი თავსებადობით ხასიათდება და გამოსადეგია ყველა ტიპის კანისთვის. კომპოზიციაში ჟოჟობას ზეთი ხელს უწყობს კანის სიგლუვეს და მასში ტენის შემცველობის დარეგულირებას.

საოცარი ხორბლის ზეთი

ხორბლის ღივის ზეთი

მონო- და პოლიუჯერი ცხიმმჟავებით მდიდარი ხორბლის ღივის ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს E ვიტამინს, რომელიც უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. მასში შემავალი ლინოლმჟავა და პალმიტინმჟავა კანის ბარიერის ფუნქციას აძლიერებს. ხორბლის ღივის ზეთს კანი კარგად იტანს, ის სასარგებლოა მოწიფული, მშრალი და სისხლნაკლული კანისთვის.