სილამაზე

როგორ დავტკბეთ მზეზე ყოფნით

სითბო, სინათლე, განკურნება - მზე - ჩვენი სიცოცხლის წყაროა. დოქტორი ბრიგიტე როსლერი განმარტავს, თუ როგორ შეგვიძლია მზის გამოსხივებით სარგებლობა ზიანის გარეშე. როგორც დერმატოლოგმა, მან იცის, რა არის საყურადღებო. ამ ინტერვიუში ის პასუხობს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე მზისა და ჩვენი კანის ირგვლივ. რამდენად სასარგებლოა მზე ჩვენთვის? რა იწვევს მზის დამწვრობას და რა შველის მას ?

რა ხდება ჩვენს კანში მასზე მზის ზემოქმედებისას?

მზის სინათლე სასარგებლო გამოსხივებაა. ის აუცილებელია D ვიტამინის წარმოსაქმნელად და, შესაბამისად, ჩვენი ძვლების განვითარებისთვის.  მაგრამ როგორც სხვა გამოსხივებების შემთხვევაში, აქაც შესაძლებელია დოზის გადაჭარბება. ამიტომ საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. გარდა ამისა, მზის სინათლეს მსუბუქი იმუნოდეპრესიული მოქმედებაც აქვს, ანუ ის იმუნურ სისტემას ასუსტებს. ამიტომ მოულოდნელი არ უნდა იყოს ზღვისპირა კურორტზე ტუჩზე ჰერპესის ბუშტუკების გაჩენა. გაცივების დროს უმჯობესია მზეს თავი ავარიდოთ.

რა დოზით არის მზე ჩვენთვის სასარგებლო და როდისაა საჭირო მისგან თავის დაცვა?

მზის გამოსხივება ყოველთვის ერთნაირი არ არის. მის ინტენსივობას განსაზღვრავს  დღის მონაკვეთი, წელიწადის დრო და გეოგრაფიული ადგილმდებარეობა.  კანის ბუნებრივი თვითდაცვის პერიოდი უფრო ხანმოკლეა, როდესაც თქვენ, მაგალითად, ზაფხულში შუადღის საათებში იმყოფებით მზეზე. ასევე მთაში სიმაღლის ზრდასთან ერთად იზრდება ულტრაიისფერი UV-B გამოსხივების წილი. ზღვისპირას, გამოსხივებას წყლიდან არეკლილი სხივები აძლიერებს. ტროპიკებში, ზაფხულის პერიოდში, როცა მზე ზენიტშია, UV-გამოსხივებას  უფრო მოკლე მანძილი აქვს გასავლელი ატმოსფეროში და ამიტომ აქ უფრო ინტენსიურია.

ვითარებისა და კანის ტიპის მიხედვით განსხვავებულია მზეზე ყოფნის ან მისთვის თავის არიდების ხანგრძლივობა.

საორიენტაციოდ გამოდგება UV-ინდექსი, რომელსაც ბევრი მეტეოროლოგიური სამსახური აქვეყნებს. UV-ინდექსი შეგიძლიათ მობილური ტელეფონითაც შეიტყოთ. ინდექსი 3-5 ზომიერია, ხოლო თუ ინდექსი შუადღის საათებში, დროის მონაკვეთში 11:00 - 15:00 არის 6-7,  უმჯობესია  გარეთ არ გახვიდეთ.

რატომ არის საჭირო UV-გამოსხივებისგან თავის დაცვა - როგორ მოქმედებს ის კანზე?

მზის სხივები სხვადასხვა სიხშირის სინათლის ტალღებისგან შედგება.  დედამიწაზე ამ გამოსხივების გარკვეული ნაწილი აღწევს: გრძელტალღოვანი, უხილავი, გამათბობელი ინფრაწითელი გამოსხივება, ხილული სინათლე და მოკლეტალღოვანი ულტრაიისფერი გამოსხივება. ეს უკანასკნელი თავის მხრივ იყოფა UV-A, UV-B და UV-C  გამოსხივებად.

UV-A გამოსხივება კანის უფრო ღრმა ფენებს გამსჭვალავს და დერმაში აღწევს. ჭარბი დასხივება კანის დაბერებას უწყობს ხელს და შეიძლება მისი ელასტიურობის დაკარგვა გამოიწვიოს. UV-A გამოსხივება კანის მოკლევადიან გარუჯვას იწვევს. ეს არის „დაუყოვნებელი გარუჯვა“, რომელიც დიდხანს არ ძლებს. UV-A გამოსხივება თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას ასტიმულირებს და ამიტომ ირიბი გზით უჯრედებისა და მისი მოლეკულების (მაგალითად, დნმ, ცილები) დაზიანებაც შეუძლია. ამან გრძელვადიანად შეიძლება, მაგალითად, კანის ნაადრევი დაბერება ან კანის კიბო გამოიწვიოს. გარდა ამისა, ჭრილობის შემთხვევაში UV-A გამოსხივება ეგრეთწოდებულ ჰიპერპიგმენტაციას იწვევს: გამოჯანმრთელების პროცესში კანი ჭრილობის გარშემო უფრო მუქ ფერს იღებს და ნაიარევი უფრო შესამჩნევი რჩება.

UV-B გამოსხივება UV-A გამოსხივებასთან შედარებით, უფრო მოკლეტალღოვანი და მაღალენერგიულია და პირველ რიგში მზის დამწვრობასა და ხანგრძლივ რუჯზეა პასუგისმგებელი. ეს სხივები მხოლოდ ეპიდერმისში აღწევს, მაგრამ კანის უჯრედების ბირთვს აზიანებს, რამაც შეიძლება კიბო გამოიწვიოს.

როგორც წესი, უფრო მოკლეტალღოვან და უფრო აგრესიულ UV-C გამოსხივებას ოზონის შრე შთანთქავს და ის საერთოდ  ვერ აღწევს ჩვენამდე. იმ ადგილებში, სადაც ოზონის შრე დაზიანებული და გამტარია, ანდა მთებში, განსაკუთრებით საჭიროა თავის დაცვა  შესაბამისი სამოსით.

კანი შედგება სამი შრისაგან: ეპიდერმისის, რომელსაც ბარიერული ფუნქცია აქვს და კანის ფერს განაპირობებს, დერმის, რომელიც შეიცავს კოლაგენს, სისხლძარღვებს, ნერვულ დაბოლოებებს და საოფლე ჯირკვლებს; და კანქვეშა ცხიმოვანს, რომელიც უზრუნველყოფს თერმოიზოლაციას.

როგორ მოქმედებს გარუჯვა კანის დაბერებაზე?

 წლების განმავლობაში,  ზედმეტად ხშირი მზის სხივების უშუალო ზემოქმედება, კანზე ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს. ეს არის რეაქცია UV-A გამოსხივებაზე, რომელიც ეპირედმისის ელასტიკურ ბოჭკოებს აზიანებს. გარდა ამისა, სახეზე, დეკოლტეს არეში და წინამხრებზე შეიძლება გაჩნდეს არათანაბარი პიგმენტაცია (ყავისფერი, თეთრი და წითელი ფერის ლაქები).

კანის რომელ ტიპს სჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე მზეზე ყოფნისას?

ჩვენი კანი ჩვენსავით ინდივიდუალურია. საკითხის გასამარტივებლად განსაზღვრეს კანის რამდენიმე ტიპი. თითოეული ტიპი მეტად ან ნაკლებად რეაგირებს მზეზე. ეგრეთწოდებული თვითდაცვის დრო მიანიშნებს, თუ რამდენ ხანს შეიძლება დავრჩეთ შუადღის მზის ზემოქმედების ქვეშ დაცვის გარეშე. კანის ტიპის მიხედვით დროის ეს მონაკვეთი სხვადასხვა სიგრძისაა. მთაში, ტროპიკებსა და ზღვისპირეთში თვითდაცვის დრო შემცირებულია.

ჩვილები და ბავშვები არასოდეს უნდა მოხვდნენ მზის ზემოქმედების ქვეშ დამცავი საშუალებების გარეშე. 20 წლის ასაკამდე მიღებული ყოველი მზის დამწვრობა კანის კიბოს რისკს ზრდის.

ჩვენი კანი ჩვენსავით ინდივიდუალურია
დოქტორი ბრიგიტე როსლერი

კანის ტიპის დადგენა:

 

კანის ტიპი კანი (მზეზე გასვლამდე)/ თმა თავდაცვის დრო/ რეკომენდებული მდ ფაქტორი
ტიპი 1

ძალიან ღია ფერის, ფერმკრთალი, ხშირად ჭორფლიანი / წითური-ქერა

3-10 წთ
მდფ 30-50

ტიპი 2

ზომიერად ღია ფერის, ზოგჯერ ჭორფლიანი / ქერა – ღია ყავისფერი

10-20 წთ.
მდფ 15-40

ტიპი 3

შეფერილი -აზიური  /საშუალოდ ქერა – ყავისფერი

15-25 წთ.
მდფ 12-30

ტიპი 4

ზეთისხილისფერი /მუქი ყავისფერი – შავი

20-30 წთ.
მდფ 8-15

ტიპი 5 თანაბრად მუქი ყავისფერი / შავი

40-50 წთ.

ტიპი 6

ძალიან მუქი ყავისფერი- შავი ხე / შავი

60 წთ.

როგორ ავიცილოთ თავიდან მზის დამწვრობა?

მზის აბაზანის პასიურად მიღება, ანუ სანაპიროზე გაუნძრევლად წოლა და „შებრაწვა“ განსაკუთრებით საზიანოა კანისთვის.

თუ გარუჯვა გსურთ, ეს მხოლოდ 11 საათამდე ან 16 საათის შემდეგ უნდა გააკეთოთ. შუადღის მზისთვის სამი ძირითადი წესი არსებობს:

  1. თავის არიდება, როცა ეს შესაძლებელია
  2. ტანის შემოსვა/დაფარვა
  3. დამცავი კრემის გამოყენება.

ამასთან, კრემი არ უნდა დაზოგოთ, არამედ უხვად დაიტანოთ კანზე. წესის მიხედვით, კანის კვადრატულ სანტიმეტრზე საჭიროა 2 მილიგრამი კრემის გამოყენება. სხეულის ზომის მიხედვით სახისა და ყელისთვის ეს 1,5-2 გრამს შეესაბამება, ანუ კრემის დაახლოებით თხილის ზომის რაოდენობას.

გარდა ამისა, მზის დამწვრობისგან „შიგნიდან დასაცავად“  შეგიძლიათ ყოველდღიურად სტაფილოს წვენი დალიოთ.

მზისგან ქიმიურ და მინერალურ დაცვას შორის განსხვავება

UV აბსორბციით მისი შეკავება

მზისგან დამცავი ქიმიური საშუალებები UV გამოსხივებას აკავებენ შთანთქმის და მისი სითბოდ გარდაქმნის გზით. ძირითადად ეს წყალში ხსნადი მოლეკულებია, რომლებიც კანში ღრმად გადაადგილდებიან და გადანაწილდებიან.

UV გაბნევით მისი შეკავება

მზისგან დამცავი მინერალური (არაორგანული) საშუალებები კი პირიქით ირეკლავენ მზის სინათლეს, როგორც პატარა სარკეები. ეს კრემები კანის ზედაპირზე რჩებიან, ნაკლებად შეიზილებიან კანში და ტოვებენ თეთრ კვალს. ეს სითეთრე ჩვილებისა და პატარა ბავშვების შემთხვევაში პლუსადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მშობელს უადვილებს ბანაობის შემდეგ კრემით დაუფარავი ადგილების შემჩნევას.

რა შველის მზის დამწვრობას? როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

პირველ რიგში დაუყოვნებლად უნდა მოერიდოთ მზეს. სინათლისგან დაცულ ოთახში, სხეულს შეუძლია კანის დაზიანებული უჯრედების აღდგენის დაწყება.  

  1. ხარისხის დამწვრობისას კანი გამთბარი და გაწითლებულია, რასაც ახლავს ქავილისა და წვის შეგრძნება. აქ შველის დიდ ფართზე ნოტიო პირსახოცების დაფენა. არსებობს ბუნებრივი წამლები, როგორიცაა არნიკას და ჭინჭრის შემცველი ესენციები, რომელთა ეფექტურობა დამწვრობის დროს გამოცდილია. განზავებული სახით შეიძლება ამ ესენციების ნოტიო პირსახოცებზე დამატება.
  2. ხარისხის დამწვრობის დროს სიმპტომებს ემატება  ბებერები. ჩივილების სიმძიმის მიხედვით საჭიროა ექიმისთვის მიმართვა.
  3. ხარისხის დამწვრობისას აქა-იქ კანი შეიძლება მოცილდეს. აქ დაუყოვნებლად საჭიროა ექიმის ჩარევა.

რამდენად შველის მზის დამწვრობისას შინაური საშუალებები, როგორიცაა ხაჭოს საფენები, მაწონი ან ქოქოსის რძე?

ხაჭოს საფენები ძალიან კარგი საშუალებაა. მათი დახმარებით ოთხი საათის განმავლობაში უზრუნველყოფილია კანის გაგრილება. მაწონი არც ისე გამოსადეგია, რადგან ის უფრო თხევადია, მაგრამ თუ ხელთ სხვა არაფერი გაქვთ, საფენების გაკეთება მაწვნითაც შეიძლება. ტილოზე დააფინეთ კომპრესი, ზედ დაადეთ ცივი ხაჭო, შემდეგ ისევ კომპრესი და ბოლოს ყველაფერი პირსახოცით დაფარეთ. არ დაიდოთ ხაჭო უშუალოდ კანზე, რადგან ის თანდათან გათბება და შეიძლება კანს მიეკრას.

მზის დამწვრობისას ზეთების ან ცხიმიანი კრემების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, ამან შეიძლება კანში სითბოს დაგროვება გამოიწვიოს. კანის მოსავლელად უმჯობესია მსუბუქი დამატენიანებელი რძის გამოყენება.

რჩევა: ალოეს ხორციან ფოთლებში არსებული ჟელე შესანიშნავად აგრილებს და ამშვიდებს კანს. გადატეხეთ ფოთოლი და უბრალოდ გადაუსვით კანს.

ავტორი

დოქტორი ბრიგიტე როსლერი

დერმატოლოგი

დოქტორი ბრიგიტე როსლერი 8 წელი მუშაობდა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის დერმატოლოგიის განყოფილებაში. 2000 წლიდან კერძო პრაქტიკა აქვს რომელიც ანთროპოსოფიურ მედიცინაზეა ფოკუსირებული.