სილამაზე

როგორ ამოვიცნოთ „ბუნებრივი კოსმეტიკა“?

„ბუნებრივი კოსმეტიკისთვის“ რაიმე იურიდიულად დადგენილი განსაზღვრება არ არსებობს. იმისთვის, რომ მომხმარებელმა პროდუქტების სულ უფრო მზარდ სიმრავლეში ჭეშმარიტად ბუნებრივი კოსმეტიკა სწრაფად ამოიცნოს, მან ბეჭდებს უნდა მიაქციოს ყურადღება.

Cosmos -კოსმოსი

Cosmos არის ბუნებრივი კოსმეტიკის ევროპული ბეჭდების ასოციასცია. მისი დამფუძნებლები არიან გერმანიის სამრეწველო და სავაჭრო საწარმოების ფედერალური კავშირი BDIH (გერმანია), Soil Association (დიდი ბრიტანეთი), Ecocert და Cosmebio (საფრანგეთი) და ICEA (იტალია). განასხვავებენ ორ სახის ბეჭედს – COSMOS Natural (ბუნებრივი) და COSMOS Organic (ორგანული). შემოწმების დამატებითი კრიტერიუმებია: „Green Chemistry“-ის („მწვანე ქიმია“- მეცნიერული მიმართულებაა, რომელიც  ქიმიური პროცესების დახვეწაზე მუშაობს, რათა არ წარმოიქმნას მავნე ნარჩენები და უარს ამბობს წარმოებისთვის მავნე ნივთიერებების გამოყენებაზე, რაც დადებითად აისახება გარემოზე.) სტანდარტებთან შესაბამისობა, ნანონაწილაკების აკრძალვა და მოთხოვნები შეფუთვასთან დაკავშირებით. ექსპერტიზას ახორციელებენ სერტიფიცირების დამოუკიდებელი გარე ორგანიზაციები.

cosmos-standard.org

 

Demeter natural cosmetics - დემეტრას ბუნებრივი კოსმეტიკა

კოსმეტიკური პროდუქტები, რომლებიც ამ სამარკო ნიშნით არის აღნიშნული, სულ მცირე 90 პროცენტით Demeter-ნედლეულისგან შედგება. ბუნებრივი კოსმეტიკის პროდუქტებზე Demeter-ინგრედიენტები შეიძლება ცალკეც აღინიშნოს ინგრედიენტების დეკლარაციაში მოცემული ჩამონათვალისგან დამოუკიდებლად. სასოფლო-სამეურნეო წარმომავლობის თითოეული ინგრედიენტის ხარისხი აღნიშნული უნდა იყოს პროდუქტზე. ყველა პროდუქტი წარმოებული უნდა იყოს გადამუშავების, აგრეთვე დანამატებისა და სხვა დამხმარე ინგრედიენტების შესახებ სტანდარტებთან შესაბამისობაში.  ტესტირებას ახორციელებენ სერტიფიცირების დამოუკიდებელი გარე ორგანიზაციები.

demeter.de/naturkosmetik

 

NATRUE - ნატრიუ

NATRUE არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის საქმიანობა ბუნებრივ და ბიოლოგიურ კოსმეტიკაზე ფოკუსირდება. NATRUE სერტიფიკატის მისაღებად დაშვებულია მხოლოდ სამი კატეგორიის ნედლეულის გამოყენება: ბუნებრივი ნივთიერებები, ბუნებრივთან მიახლოებული ნედლეული (მოდიფიცირებული ბუნებრივი ნივთიერებები) და ბუნებრივის იდენტური ნედლეული. პროდუქტების სერტიფიცირების სამი საფეხური არსებობს: ბუნებრივი კოსმეტიკა, ბუნებრივი კოსმეტიკა ბიოლოგიური წილით და ბიოლოგიური კოსმეტიკა. NATRUE-სერტიფიკატის მქონე ყველა პროდუქტისთვის საერთოა ის, რომ მათ შემადგენლობაში არ არის სინთეზური არომატიზატორები, სილიკონები, პარაფინები, მიკროპლასტმასები, მინერალური ზეთები და სინთეზური ცხიმები. ექსპერტიზას ახორციელებენ სერტიფიცირების დამოუკიდებელი გარეშე ორგანიზაციები.

natrue.org

 

USDA Organic - ბიოლოგიური

ამერიკის შეერთებულ შტატებში, „100 % ბოლოგიური“ს ნიშნის მატარებელი პროდუქტები (100% organic, აშშ), წყლისა და მარილის გამოკლებით, მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიურად მიღებულ ინგრედიენტებს უნდა შეიცავდეს, „ბიოლოგიური“ (Organic) პროდუქტები კი, წყლისა და მარილის გამოკლებით, 95 % ბიოლოგიურად მიღებულ ინგრედიენტებს. ამ ბეჭედს ანიჭებს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი - USDA (United States Department of Agriculture).

usda.gov

 

ISO - აისო

ISO-სტანდარტი ბუნებრივი და ბიოკოსმეტიკისთვის ადგენს დეფინიციებს ინგრედიენტების სხვადასხვა კლასისთვის და იძლევა მაგალითებს, როგორ უნდა იქნეს გამოთვლილი პროდუქტში ბუნებრივი და ბიოლოგიური ინგრედიენტების წილი. გამოყენებული ნედლეულის არჩევანის ან რაოდენობის მიმართ შეზღუდვები არ არსებობს; დასაშვებია როგორც მინერალური ზეთებიდან მიღებული, ისე გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარეების გამოყენება. წყალი ბუნებრივ ნივთიერებად ითვლება. ბუნებრივი ინგრედიენტების ან ბიოლოგიური ნედლეულის მინიმალური სავალდებულო წილი განსაზღვრული არ არის.
iso.org

 

მსგავსი სტატიები