ლავანდი

ბესარაბია, მოლდოვა
Map of Moldova - Lavender Raw Material

ლავანდის სურნელი სიმშვიდისა და განტვირთვისთვის

ძნელად თუ ხსნის რამე  ისე სწრაფად დაძაბულობას, როგორც ლავანდის სურნელი. მისი მუქი ლურჯი ფერის ყვავილები ეთერზეთს შეიცავს, რომელიც ველედას 50-მდე პროდუქტის პარფიუმირებისთვის გამოიყენება. ეთერზეთის ნაწილი მოლდოვური წარმომავლობისაა. ამ განვითარებადი ქვეყნის ნაყოფიერ შავმიწა ნიადაგში საუკეთესო ბიოლოგიური ლავანდი იზრდება. კარგ პარტნიორობას მცირე მოლდოვური საწარმოსთვის წარმატება, ველედას პროდუქტებისთვის კი შესანიშნავი სურნელი მოაქვს.

 

ლავანდის ხსენებაზე უფრო ხშირად ფრანგული პროვანსის უკიდეგანო იისფერი მინდვრები დაგვიდგება ხოლმე თვალწინ. მაგრამ ევროპაში არის სხვა რეგიონიც, სადაც საუკუნეების განმავლობაში მისდევდნენ ლავანდის  კულტივირებას: ეს მოლდოვაა, რომელიც რუმინეთსა და უკრაინას შორის მდებარეობს და სულ 34 000 კვადრატულ კილომეტრ ფართს იკავებს ბესარაბიის ისტორიულ მიწაზე. აქაური თბილი და მშრალი კლიმატი და ნაყოფიერი შავმიწა ნიადაგი კარგ პირობებს ქმნის მეღვინეობისა და მეხილეობის  განვითარებისთვის. მაგრამ ოდესღაც მოლდოვა ეთერზეთების უმსხვილესი მწარმოებელიც იყო მსოფლიოში. 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, გაქრა მრავალ ჰექტარზე გაშენებული ლავანდიც, რადგან მოსახლეობას თავისუფალი ვაჭრობის არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა. მას შემდეგ ამ პატარა ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, ძველი ტარდიციები აღდგა და ლავანდის გაშენება აღორძინების გზას დაადგა. 

ლავანდი ტუჩოსანთა ოჯახს მიეკუთვნება. ეს ნახევრადბუჩქი მცენარე ყურადღებას იქცევს თავისი ძლიერ დატოტვილი ღეროებითა და მრავალრიცხოვანი პატარა იისფერი ყვავილებით. მისი ფოთოლი ლანცეტა ფორმისაა.  ფოთლის ზედა მხარე მორუხო-მწვანე ფერისაა, ქვედა  კი თეთრადაა შებუსვილი. ლავანდის 25 სახეობიდან სამკურნალო მიზნით მხოლოდ ოთხი გამოიყენება: ვიწროფოთოლა, ფართოფოთოლა, ტექსასური და ჰიბრიდული.

ეკოლოგიური მეურნეობის უმსხვილესი პროექტი

ლავანდის ბიოლოგიური გაშენების უმსხვილესი პროექტი მოლდოვაში ინგლისელმა ექსპერტებმა განვითარების საკითხებში და მოლდოველმა ინჟინერ-აგრონმმა წამოიწყეს. ახლა, როდესაც უკან იხედებიან, პარტნიორები გაოცებულები არიან, თუ რამდენად სწრაფად განვითარდა პროექტი. ამის მიზეზი უეჭველად არის ველედასთან კოოპერაცია, რომელიც 2005 წელს დაიწყო. მჭიდრო თანამშრომლობამ და გრძელვადიანი კოოპერაციის პერსპექტივამ პროექტს დამატებითი ბიძგი მისცა. „დღეს უკვე 200 სოფელია ჩართული პროექტში, ბიოლოგიური ლავანდის მეურნეობის ფართი კი 200 ჰექტრამდე გაიზარდა“, ამბობს ინგლისელი ექსპერტი.

მოსავლის აღება ივნისიდან ივლისის შუა რიცხვებამდე ხორციელდება. შემგროვებლები სრულ ყვავილობაში მყოფ ღეროებს ყოველდღე ნამგლით ჭრიან. ეს დამღლელი სამუშაოა, რომელიც დიდ გამძლეობას მოითხოვს. დარგვიდან პირველი კარგი მოსავლის აღებამდე ლავანდის ბუჩქს სამი წელი სჭირდება. სათანადო პირობებში მცენარე შეიძლება 30 წლის განმავლობაში იძლეოდეს მოსავალს. ლავანდის ეთერზეთი დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ხსნის დაძაბულობას და ჯანმრთელ ძილს უწყობს ხელს. ამის გამო ლავანდი უკვე ანტიკურ ხანაშიც ძალიან პოპულარული იყო.

შეგროვებული ლავანდი ველზევე გადამუშავდება ეთერზეთად მობილურ გამოსახდელ დანადგარში. გუნდი ოთხი კაცის შემადგენლობით  ლავანდის ყვავილით სავსე კონტეინერებს იბარებს და მათ მაშინვე  ბოილერსა და მის ორთქლის გადამდენ სისტემას უერთებს – ერთი საათის შემდეგ დისტილაციის პროცესი დასრულებულია და ეთერზეთი გამოხდილია. 100 კგ ლავანდის ყვავილიდან 1 კგ ეთერ–ზეთი მიიღება. ის გამყოფი ჭურჭლიდან, ე. წ. „ფლორენციული კოლბიდან“ მაშინვე კასრებში ისხმება და იხუფება. სანამ ველედას საწარმოში გაიგზავნება, ლავანდის ძვირფასი ეთერზეთი გრილ ადგილზე საწყობდება.

მას შემდეგ, რაც პროექტს ველედა შეუერთდა, პარტნიორები მუდმივად ამდიდრებენ ერთმანეთის გამოცდილებას ეთერზეთების ანალიზისა და ნედლეულის მოპოვების საკითხებში. გასულ წლებში, მრავალი პროცესის ოპტიმიზება განხორციელდა. მაგალითად, ველედამ პარტნიორს დისტილაციის პროცესის ნარჩენების კომპოსტირების ეკოლოგიური, გარემოსთვის უვნებელი ხერხი აპოვნინა.  ამ სასოფლო რეგიონის ეკონომიკური და სოციალური ზრდა, რომელიც დღეს სახეზეა, მეტად შთამბეჭდავია: გლეხებისთვის ლავანდის მოყვანა მათი შემოსავლის სანდო წყარო გახდა,  კაპიტალურად გარემონტდა სოფლის სკოლა და ველედას  მონაწილეობით დაბა მინცენიში სამედიცინო და სოციალური დახმარების პუნქტი აშენდა.

 

შემადგენლობა

ლავანდის ეთერზეთი

Lavandula Angustifolia (Lavender) Oil

ლავანდის  ეთერზეთი ლავანდის ნედლი საგველადან მიიღება. სხვა ბუნებრივ ეთერზეთებთან ერთად არომატიზაციისთვის გამოიყენება.