ველედას ბაღები

1921 წლიდან მოყოლებული, სამკურნალო მცენარეების ბაღი ველედას სამეწარმეო კულტურის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

სამკურნალო მცენარეთა 8 ბაღში ველედა უმაღლესი ხარისხის სამკურნალო მცენარეებს ზრდის ბუნებასთან განსაკუთრებული, ფაქიზი დამოკიდებულების საფუძველზე.

თვითრეგულირების ბუნებრივი საარსებო სივრცე

კომპანიის არსებობის პირველივე დღეებიდან სამკურნალო მცენარეების კულტივირება ერთ-ერთი ხერხი იყო წამლებისა და კანის მოვლისთვის განკუთვნილი პროდუქტების წარმოებისთვის საჭირო ნედლი და მშრალი მცენარეების მისაღებად. ბიოლოგიურ-დინამიკური პრინციპით წარმართული მიწათმოქმედება და კულტივირება იმის გარანტიაა, რომ  ველედას ძვირფასი ნედლეული თავისუფალია პესტიციდებისა და სხვა ტოქსიკური ნივთიერებებისგან.

მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ რას ვიღებთ ბაღიდან, არამედ ისიც, თუ რა შეგვაქვს მასში. კომპოსტური სასუქის გამოყენება ნიადაგის აქტიურ სიცოცხლისუნარიანობას განაპირობებს. ნაკელისგან, კვარცის ფხვნილისგან და მცენარეებისგან: ფარსმანდუკი, გვირილა, ჭინჭარი, მუხის ქერქი, ბაბუაწვერა და კატაბალახა, დამზადებული სპეციალური პრეპარატები მის ნაყოფიერებას უწყობს ხელს.

ველედას ბაღები მდიდარი ბუნებრივი გარემოა, რომლის ღობეები და ეკოლოგიური ნიშები სასარგებლო მწერების საცხოვრებელია. ბაღებში ამ მწერების შენარჩუნება მნიშვნელოვანია თვითრეგულირებისთვის, რაც მავნებლებისა და დაავადებების გავრცელებას უშლის ხელს. რა თქმა უნდა, ეკოლოგიური სტაბილობის დაცვას მცენარეების მრავალფეროვნებაც ეხმარება და მტვერი და ნექტარი სასარგებლო მწერებისთვის აქ ყოველთვის მოიძებნება.

გარდა იმისა, რომ აქ წამლებისა და კოსმეტიკური პროდუქტების წარმოებისთვის საჭირო მცენარეები იზრდება, ბაღები შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ სტუმრებმა ველედას ფუნდამენტური ფილოსოფია გაიცნონ – „ბუნებასა და ადამიანთან ჰარმონიაში“. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ველედას დიდი სამკურნალო მცენარეთა ბაღია გაშენებული, არსებობს ბაღები სხვა ქვეყნებშიც, როგორიცაა საფრანგეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, ბრაზილია, არგენტინა და ახალი ზელანდია.

გერმანია

ევროპაში უდიდესი სამკურნალო მცენარეთა ბაღი

გერმანიაში, ქალაქ შვებიშ გმიუნდის ჩრდილოეთით მდებარე პლატოზე ველედას სამკურნალო მცენარეების ყველაზე დიდი ბაღია განლაგებული. ის 20 ჰექტარ ფართს იკავებს და ამ ტიპის ბაღებს შორის უდიდესია ევროპაში. აქ მცენარეთა მრავალფეროვნებას საზღვარი არა აქვს – ბიოდინამიკური წესით 260 სახეობაა გაშენებული და მათგან 180 წამლებისა და ბუნებრივი კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება. ამ ტერიტორიაზე, რომელიც ხუთი კილომეტრის სიგრძის ცოცხალი ღობით არის შემოფარგლული, ისეთი მცენარეებისთვისაც არის ადგილი, როგორიცაა კვრინჩხი, ჰამამელისი და კუნელი, გარდა ამისა, აქ ბევრი შინაური ცხოველი, ფრინველი თუ უხერხემლოთა წარმომადგენელი ცხოვრობს. ყვავილების არაჩვეულებრივი სიმრავლე მწერებს იზიდავს, მათ შორის, სასარგებლო მწერებსაც, როგორიცაა hoverflies/Schwebfliegen/журчалки - Syrphidae, parasitic wasps/Legimmen და ჭია-მაიები.

ღია მინდვრებზე ყველაზე დიდი მოცულობით ერთწლიანი და მრავალწლიანი ადგილობრივი სახეობებია გაშენებული. ამაში შედის ხეების 25 სხვადასხვა სახეობა, რომელთაგან ველედა ქერქს, ყვავილს, ნაყოფსა და ფესვს იყენებს. ნიადაგის განსაკუთრებული წესით დამუშავების, მათ შორის, ბუნებრივი შესაწამლი პრეპარატების გამოყენებისა და მებაღეების მზრუნველობის წყალობით, სამკურნალო მცენარეებს აქ უკეთესი პირობები აქვს ზრდისთვის, ვიდრე ველურ ბუნებაში. აქ, შვაბიის ალბის განაპირა რაიონის ნოყიერ ნიადაგზე, მარტიდან ოქტომბრამდე სიცოცხლე ჩქეფს, მოსავლის აღება კი ზამთრის პირველ თვეებში, ქრისტესისხლასა და ანგელოზას ფესვების შეგროვებით იწყება.

ველედას მებაღეები მცენარეებსა და ბაღებს ერთიან ორგანიზმად განიხილავენ. ისინი ყურადღებას აქცევენ რთულ ურთიერთობებს მცენარეებსა და ნიადაგს შორის, ხელს უწყობენ ზრდას და აქტიურად და შემოქმედებითად მოქმედებენ, როდესაც ბუნებას დახმარება სჭირდება. მაგალითისთვის, დაცვის ქვეშ მდგომი გვიმრა ველედას ბაღში ჩვეულებრივი მატიტელას ტალავერის ჩრდილქვეშ იზრდება, ამიტომ მას განათების ისეთივე პირობები აქვს შექმნილი, როგორიც მას ტყეში, ბუნებრივ სასიცოცხლო გარემოში ექნებოდა.

საფრანგეთი და შვეიცარია

ქალაქგარეთ მდებარე პატარა ნაკვეთი

სამკურნალო მცენარეების უამრავი სხვადასხვა სახეობა, რომელიც შედარებით მცირე ფართზე იზრდება, ყვავილობის პერიოდში ფერად ხალიჩას ქსოვს. ველედას ბაღები როგორც შვეიცარიის არლესჰაიმში, ბაზელის მახლობლად, ისე საფრანგეთის ბუქსვილერში, იუნანგის მახლობლად, ველედას ადმინისტრაციულ და საწარმოო ნაგებობებთან ძალიან ახლოს არის განლაგებული. ბუქსვილერის ბაღი ბიოლოგიური მრავალფეროვნების კუნძულია ტრადიციული სასოფლო მეურნეობის ზღვაში. ცოცხალი ღობით შემოფარგლული 1,5 ჰექტარი ფართი თავისი ტბორებით, ქვის დეკორატიული ღობეებითა და ხეხილით ნამდვილი სამოთხეა ჩიტების, მწერებისა და ამფიბიებისთვის.

მიუხედავად შედარებით მცირე ფართისა, აქ სამკურნალო მცენარეების 70-მდე სახეობა ხარობს. შვეიცარიის ქალაქ არლესჰაიმში მდებარე ბაღს ტყე და 40 ჰექტარი ბიოლოგიური სახნავ-სათესი სავარგულები აკრავს გარს. ბაღში კულტურათა მრავალფეროვნება კონტრასტს ქმნის მიმდებარე მსხვილ ბიოლოგიურ მეურნეობასთან. ბაზელთან სიახლოვის მიუხედავად, აქაურობა პატარა სასოფლო მეურნეობას წააგავს.

დიდი ბრიტანეთი

ინდივიდუალური ხიბლით დაჯილდოვებული მცირე ნაკვეთები

ინგლისის საგრაფოს, დერბიშირის ქალაქ ილკესტონის ბაღები ზაფხულის პერიოდში თვალს იტაცებს კალენდულას კაშკაშა ნარინჯისფერი მინდვრებით. ველედას ამ ბაღში ვერ ნახავთ დიდებულ ყვავილნარებს, აქ ბილიკები დაცულ და მოკრძალებულ პატარა ბუნებრივ ნაკვეთებთან მიგიყვანთ, რომლებსაც თავისებური ხიბლი აქვს.

ბაღი ილკესტონის განაპირა რაიონშია განლაგებული. ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში, ქალაქმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა და მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ავითარებდა მრეწველობის სამთო-მომპოვებელ და მომიჯნავე დარგებს. თანამედროვე ლანდშაფტზე აღბეჭდილია ამ სამრეწველო საქმიანობის კვალი.

ხშირი წვიმების გამო აქ ნიადაგი ნოტიო და მძიმეა, რაც არც თუ ისე ხელსაყრელია სამკურნალო მცენარეების კულტივირებისთვის, მაგრამ ბიოდინამიკური მეთოდით კულტივირება სასწაულს ახდენს – ის ამ მიწას ნაყოფიერ ნიადაგად აქცევს, სადაც ბაღის ყოველ კუთხეში დღემდე  შეიძლება რეგიონისა და ქვეყნის ისტორიის დანახვა.

 

ნიდერლანდები

ჩრდილოეთის ზღვიდან ქარს მარილის სუნი მოაქვს, მაგრამ მკვეთრი ზღვისპირა ქარებისგან ბაღს ცოცხალი ღობე და ბუჩქები იცავს. სამრეწველო ზონის შუაგულში მდებარე ეს ჰოლანდიური ბაღი ოაზისს ჰგავს, ის იდეალურ თავშესაფარს სთავაზობს მწერებსა და ჩიტებს და ამით ბიოლოგიურ მრავალფეროვნებასაც უწყობს ხელს. მართალია ბაღის ტერიტორია მხოლოდ ერთ ჰექტარ ფართს მოიცავს, მაგრამ ის სამკურნალო მცენარეების დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

აქ მცენარეთა 200-ზე მეტი სახეობაა გაშენებული. მძიმე ნიადაგის სტრუქტურას მინერალიზებული კომპოსტის შეტანით აუმჯობესებენ, ხოლო ზოგიერთი მცენარის განსაკუთრებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აქ სხვადასხვა სახის ნიადაგს იყენებენ: მძიმეს ან მსუბუქს, ნოტიოს ან მშრალს, ნოყიერს ან მწირს. ზოგიერთი ტროპიკული მცენარის გასაშენებლად სათბურები გამოიყენება. აქ ველედას პროდუქტებისთვის საჭირო თითქმის ყველა მცენარე იზრდება.

ბრაზილია

ვულკანური წარმოშობის მიწა

სან როკეს ბაღი, რომელიც ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუდან მანქანით სულ 30 წუთის სავალზეა, თითქოს სხვა სამყაროს ეკუთვნის. ბუნებრივი მრავალფეროვნება თავს კარგად გრძნობს ამ წითელ მიწაზე.

ბაღი სერა დუ მარის, ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპიროს გასწვრივ „წვიმის ტყეებით“ დაფარული მთიანი ქედის მახლობლად მდებარეობს.

 ერთ დროს ქალაქ სან როკეზე გადიოდა დასავლეთიდან პარაგვაისა და ბოლივიისკენ მიმავალი მთავარი გზა, რომლითაც პორტუგალიელი, იტალიელი, იაპონელი და გერმანელი ემიგრანტები ჩამოდიოდნენ მე-20 საუკუნეში. სწორედ ამ ემიგრანტებმა შემოიტანეს აქ ბოსტნეულისა და ხილის გაშენების განსაკუთრებული და მრავალფეროვანი ტრადიციები. სან როკე დღესაც ცნობილია თავისი ღვინითა და საკვები პროდუქტებით, რომლებსაც მცირე საოჯახო მეურნეობები აწარმოებენ. ველედას ბაღი 1980 წელს გაშენდა ვულკანური წარმოშობის არაჩვეულებრივად ნაყოფიერ მიწის ნაკვეთზე. ფერმებითა და ტყით გარშემორტყმული, ის პატარა ტბის პირას არის განლაგებული და სიმშვიდესა და მრავალფეროვნებას ჰპირდება ყველას, ვინც ქალაქის ხმაურიანი გარემოდან აქ მოხვდება.

არგენტინა

არგენტინის გულში, კორდოვას რეგიონში, ზღვის დონიდან 1 200 მეტრ სიმაღლეზე, წიწვოვანი და შერეული ტყეებით გარშემორტმულ ბალახოვან მდელოებს შორის მებაღე ხორხე ჯუსტოს საკუთარი სამკურნალო მცენარეთა ბაღი აქვს გაშენებული.

ეს არ არის გეგმის მიხედვით გაშენებული ბაღი მკაფიოდ გამიჯნული ნაკვეთებითა და კვლებით. ამის ნაცვლად აქ სამკურნალო მცენარეები, როგორიცაა ფურისულა, ეხინაცეა, კოწახური და გვიმრა, ველურ ლანშაფტზე უწესრიგოდ იზრდება. ზაფხულის ცხელ თვეებში, ხეების ჩრდილქვეშ, 12 ჰექტარზე გადაჭიმული ბაღის ტერიტორიაზე ნაკადული მიედინება. აქ სამკურნალო მცენარეების 70 სახეობა ხარობს. აღებული მოსავლიდან წამლები ხორხე ჯუსტოს  აფთიაქში მზადდება, რომელიც ბუენოს აირესში მდებარეობს.

ახალი ზელანდია

ხელით შეგროვებული ნედლეული

ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე, ჰოკს ბეის მეღვინეობით განთქმულ რეგიონში, ტე მატას მთის ძირში განლაგებულია ბაღი Havelock North, სადაც სამკურნალო მცენარეების დაახლოებით 50 სახეობაა გაშენებული.

აქაური კლიმატი ხმელთაშუაზღვისპირეთის კლიმატის მსგავსია, ზაფხულის გრძელი და თბილი თვეებით. უორენ პირსი და სხვა ახალზელანდიელი მებაღეები მიწას აქ ბიოდინამიკური მიწათმოქმედების პრინციპების მიხედვით ამუშავებენ. მოსავალს უმეტესწილად ხელით იღებენ და თავს არიდებენ მძიმე სასოფლო-სამურნეო ტექნიკის გამოყენებას, რის გამოც ნიადაგი მსუბუქი და ჰაეროვანია. სამი ძროხა საჭირო ნაკელს იძლევა, რომელიც შესაფერის კომპოსტთან ერთად ნიადაგის ხარისხს აუმჯობესებს.

აქ როგორც მცენარეების, ისე ფრინველების დიდი მრავალფეროვნებაა. განსაკუთრებით მრავლად არის წარმოდგენილი ჩიტების ადგილობრივი სახეობები, როგორიცაა ახალზელანდიური ტუი, ახალზელანდიური მტრედი და სასაცილო პუკეკო.